1 octobre 2012

დეჰუმანიზაცია

დეჰუმანიზაცია

"ადამიანად არ ვიბადებით, ადამიანი ვხდებით"  - ერაზმუს როტერდამუსი (1469-1535)


Tetsuya Ishida
ვის მიმართავს ქართველი პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა?  - ვის «უხმობს მათი ზარი?» ვის არის   ქვეყნის მაღალი იერარქიის წევრების  ძირითადი ადრესატი თავიანთ გაუთავებელ გამოსვლებში?
შეიძლება თუ არა, რომ ასე თუ ისე განათლებულმა, ცივილიზებურმა, საკუთარი ღირსების გააზრების უნარის მქონე ადამიანმა, მათ მიერ წარმოთქმულ დისკურსის  ადრესატში საკუთარი თავის იდენტიფიცირება შეძლოს? 

რა შთაბეჭდიება შეიძლება შეექმნას ქართული ენის მცოდნე უცხოელს ქართველ ამომრჩეველზე, ანუ ქვეყნის მოსახლეობაზე; თუკი ის პოლიტიკური ლიდერების საჯარო გამოსვლებსა და დისკუსიებს დაეყრდნობა?..   -  სავარაუდოდ შთაბეჭდილება ნამდვილად არ უნდა იყოს იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ალბათ შუა საუკუნეების ესპანელ იეზუიტებს ექმნებოდათ მათ მიერვე კათოლიკებად მოქცეული ამაზონიის ინდიელების მიერ დამიზნებული ზარბაზნების შიშს ქვეშ პირველი დამოუკიდებელად აღვლენილი ქრისტიანული რიტუალების ნახვისას და ლოცვებისა   მოსმენისას.

ხალხი თავისი მოცემულობით, არც ბრძენია და არც ბრბო. ეს უბრალოდ ადამიანთა ინერტული მასაა, რომელსაც თვითონ, დამოუკიდებლად თავისი კოლექტიური თანაცხოვრების მართვა, ორგანიზება არ შეუძლია. უბრალოდ არ ცალია ამისათვის. ამიტომ ირჩევს ის თავის ლიდერებს, და მათ მართვის. ორგანიზატორის ფუნქციას აკისრებს. იმის და მიხედვით თუ როგორ ასრულებს , ან ვერ ასრულებს ის თავის ფუნქციას , ადამიანების მასა შესაბამისად იღებს საზოგადოების ან ბრბოს სახეს.

ადამიანებს არ შეიძლება ზედმეტი პასუხისმგებლობა დავაკისროთ კოლექტიურ ცივილურობაზე. რადგან ამ პასუხისმგებლობის ხარისხს ძალიან ხშირად სწორედ მათი ლიდერები განსაზღვრავენ და ამის დამადასტურებელად უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიძიოთ მთელს მსოფლიოში- ყველაზე განვითარებული დემოკრატიებად წოდებულიდან მოყოლებული, ყველაზე დაუნდობელი ქაოსის ქვეყნების ჩათვლით. მათ შორის საქართველოში. რომელიც ცხადია ჩვენი უპირველესი ინტერესისა და განცდის საგანს წარმოადგენს.

ქართველ პოლიტიკოსთა უმეტესობა, რომელნიც ბედის უცნაურობისა, და ხანდახან ირონიის წყალობით არიან პოლიტიკაში მოხვედრილნი, სავსებით გულწრფელნი არიან თავიანთ პრიმიტიულ დისკურსში. მათ გულწრფელად ჯერათ საკუთარი სიბრიყვისა , და თვლიან რომ იერარქიული და არა იდეოლოგიური ერთგულება, რომელსაც ისინი რატომღაც წესიერებას ეძახიან, არა მარტო საკმარისი, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაც კია პოლიტიკოსისათვის. ისინი მხოლოდ ფიქტიურ როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზუსტად ისევე. როგორც საბჭოთა კავშირის პარტიის ყრილობის დელეგატები. სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტიც ძირითადად ესეთი დეპუტატებით იქნება დაკომპლექტებული, ადამიანებით. რომლებიც სრულიად განსაცვიფრებელ ინტერვიუებში თავიდანვე აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ სულაც არ უფიქრიათ პოლიტიკაში ჩართვაზე, რომ მათ შესთავაზეს და რადგან სამშობლოს სჭირდება უარი ვერ თქვეს და ა.შ... რატომ შესთავაზეს ეს ყველამ იცის : ის მხოლოდ სტატისტიკური ერთეულია,.მას მხოლოდ დროდადრო ხმის მისაცემ  პულტზე ხელის დაჭერა ევალება. ესეთები არანაირი ინტერესის საგანს არ წარმოადგენენ. მათზე დროის დახარჯვა არ ღირს, თავისუფლად, ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე შეგვიძლია ვიყოთ პოლიტიკურად სნობები მათ მიმართ და ისინი არც კი შევამჩნიოთ,

გაცილებით საინტერესონი არიან ის პლიტიკოსები, რომლებმაც სტატიკური ერთეულების ნაცვლად უნდა იფიქრონ. და რომეთა ნაწილს საკუთარი ცივილურობისა და განათლებს დამადასტურებელი მსოფლიოს ოთხი კუთხიდან ჩამოტანილი გრძელი დიპლომები უდევთ სახლში, ფეისბუკში კი ბაკალავრის სასაცილო ქუდში გადაღებული ფოტოები. უნდა ითქვას, რომ ინფორმაცია იმის შესახებმ რომ საქართველოს ხელისუფლებას ძირითადად დასავლეთში ფორმირებული ადამიანები შეადგენენ, აშკარად გადაჭარბებულია და «ნაციონალური» მითოლოგის ჟანრს განეკუთნება. მაგრამ თუნდაც მართლაც ესე იყოს, როგორც ჩანს დასავლეთში მიღებული განათლება ბევრს არაფერს ცვლის – შეგახსენებთ რომ აფრიკის დიქტატორების უმეტეს ნაწილს სწორედ დასავლეთში აქვს განათლება მიღებული, უსამა ბენნადენს კი სულაც კემბრიჯი ჰქონდა დამთავრებული.
ესეა თუ ისე, ფაქტია, ამ ადამიანების საჯარო გამოსვლებისას ძნელია იფიქრო რომ მათ არა თუ ცნობილი უნივერსტეტებში აქვთ მიღებული განათლება, რომ საერთოდ საკუთარი გვარის მოწერა მოწერა მაინც შეუძლიათ დახმარების გარეშე, და მსგავსი პერსონაჟის საუკეთესო მაგალითი თავად საქართველოს პრეზიდენტია.

ის ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს თითქმის ყოველ დღე, და მიმართავს როგორც პრიმიტიულ ბრბოს, როგორც იდიოტების ინერტულ მასას, რდგან ის თვლის რომ ადამიანების ედიდესი ნაწილი ბრიყვია, ბრიყვებს კი ადაპტირებული ენით უნდა ესაუბრო. თუმცა მან იცის რომ არის რაღაც ნაწილი რომელსაც არც განათლება აკლია და არც ზოგადი კულტივაცია, რომ მთი მოტყუება შეუძლებელია. მხოლოდ მისი გამოთვლებით ესეთი ადამიანებს რაოდენობა იმდენად მიზერულია, რომ მათთვის ანგარიშის გაწევა არ ღირს. უფრო მეტიც ისინი უნდა გაქრნენ როგორც კლასი, ელექტორატის სიბნელე მისი  ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიაა. ის გამოზრდის თაობას რომელსაც ზუსტად ის და იმ დოზით ეცოდინება, რასაც თვითონ გადაწყვეტს სწორედ  ამიტომ  შექმანა მან ნეოპიონერული და ნეოკომკავშირული ორგანიზაციები -პატრიოტთა ბანაკები, ახალგაზრდა «თვითმართველობის» დასაქოქი ბანდები... უნიფორმირებული თაობა... მხოლოდ ის ძალიან შეცდა, შეცდა ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ზვიად გამსახურდია, ვერ გაითვალისწინა, რომ კულტივირებული ადამიანები სიმცირის მიუხედავად საზოგადოების ყველაზე ფეთქებადსაშიშ ნაწილს წარმოადგენენ.

ვის უხმობს სააკაშვილის ზარი? მისი პოლიტიკური მარკეტოლოგია მართლაც ზუსტად არის გათვლილი? ქართველები მართლა ისეთი ბნელები არიან როგორ პოლიტიკურ პროდუქტსაც პრეზიდენტი, მისი სრული იერარქია და ექოდ ქცეული ოპოზიცია სთავაზობს მათ? არის თუ არა მათ გათვლებში «საბაზრო პოლიტიკის» ჭეშმარიტების მარცვალი?

სამპლიზმი, აზრისა და ფორმის ყველაზე დაბალი ხარისხი,პრიმიტიულობა,  რომელსაც გამუდმებით ვისმენთ პრეზიდენტის სახალხო non stop" გამოსვლებისას აჩენს ეჭვს, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ ეხლახანს დაფიქრდა პირველად ისეთ ფუნდამეტალურ საკითხზე, როგორიც არის განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის... რომ ის მენტალურად, ჯერ ასე ვთქვათ, პლატონამდე ეპოქაში იმყოფება. 

როდესაც ესეთ მიმართვებს რეპეტიციული ხასიათი აქვს, ეჭვი გინმტკიცდება და იწყებ დაჯერებას, რომ მართლაც, ამ უბრალო გულის სტუმართმოყვარე, ექსტრემალურად ემოციურ და უბრალო ხალხს ზუსტად ისეთი პრიმიტიული ენით უნდა ესაუბრო როგორითაც მათ პრეზიდენტი სააკაშვილი, და შესაბამისად მისი ბრედბერისეული მატერიალიზირებული ჰალუცინაციები ელაპარაკებიან. ალბათ გახსოვთ. მესამე ექსპედიცია «მარსის ქრონიკებიდან» , რომლის წევრი ასტრონავტები მარსელებს დედამიწელთა ხომალდის შეშლილი კაპიტანის მეტერიალიზირებული ავადმყოფური ჰალუცინაციები ჰგონიათ... და ჯერათ, რომ ისინი, კაპიტანის სიკვდილთან ერთად გაქრებიან.
ქართველ პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა სწორედ ქვეყნის «კაპიტანის» მატერიალიზებული პოლიტიკურ - შიზოფრენიული ჰალუცინაციები არიან, რომლებიც ზუსტად სააკაშვილივით ლაპარაკობენ, და სავარაუდოთ ერთ მშვენიერ დღეს მასთან ერთად გაქრებიან ქართული პოლიტიური სცენიდან, რომელიც ასევე ძალიან წააგავს ბრედბერისეულ მარსიანელთა ფსიქიატრიულ იზოლიატორს.
ქვეყნის პრეზიდენტი, თავისი ფუნქციით, განსაკუთრებით ისეთ ჯერ კიდევ ჰიბრიდული ფეოდალურ - სოციალური იერარქიის ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სწორედ ის ლიდერია, რომელსაც ადმიანთა მასის ვექტორი შუბივით უპყრია ხელთ , შეუძლია ძალიან დიდი გავლენა იქონიოს ამ მასის საზოგადოებად ან ბრბოდ ტრანსფორმირებაში.

განსხვავება კარგსა და ცუდ პოლიტიკურ ლიდერს შორის სწორედ ამ ვექტორის მართვის უნარშია, რაც საქართველოს პრეზიდენტს აბსოლუტურად არ გააჩნია. ის ვერ ხვდება, რომ ადამიანებს როგორც პრიმიტივებს არ უნდა მიმართო, თუნდაც ისინი მართლაც ესეთები იყვნენ. რომ თუ ბავშვს ძალიან დიდხანს ელაპარაკები ენის მოჩლექით ის ვერ განვითარდება. რომ როდესაც შენს წინ უხეში, გაუნათლებელი ძალა დგას შენ კი არ უნდა დაეშვა მის სიმაღლეზე, არამედ პირიქით, უნდა შეეცადო ისინი ამოიყვანო შენს სიმაღლემდე თუ არა, იმ დონემდე მაინც, როცა ის დაიწყებს შენი ენის, შენი აზროვნების ლოგიკის გაგებას. ადამიანის ტვინი იმით განსხვავდება პირუტყვის ტვინისგან, რომ მასშ კულტივაციის მარცვალია ჩადებული.  ყოველთვის ცხილობს გაიგოს იმაზე მეტი ვიდრე მისი ინტელექტი აძლევს შესაძლებლობას. ამიტომ მას ქვეცნობიერად  ყოველთვის  მასზე  ჭკვიანი იზიდავს, თუნდეც შურდეს, ან ზულდეს ის, ვიდრე საკუთარი თავის ასლი. ამასთან. თუ კი ადამიანი რომელსაც მრავლისმნახველი ბრძენი გონიხარ, ვერაფერ ახალს ვერ შეიტყობს შენგან, გარდა იმისა რაც მან ისედაც კარგად იცის, თუკი შენ მას იგივე ვულგარული ენით ესაუბრები, რომლითაც ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უშედეგოდ ცდილობს პასუხი იპოვოს საკუთარ თავში ქაოტურად გაფანტულ კითხვებზე, და  ვერ დაეხმარები მათ პოვნაში,  მისთვის შენ ყოველგვარ ინტერესს დაკარგავ და ტაკიმასხარად  გადაიქცევი, რადგან დაბალ სოციალურ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ საფეხურზე დგომა უტვინობას არ ნიშნავს, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. და რაშიც  სავარაუდოდ  საქართველოს პრეზიდენტი და მისი მატერიალიზირებული ჰალუცინაციები დარწმუნებულნი არიან.

სწორედ ამიტომ საქართველოს ყავს პრეზიდენტი რომელსაც საკუთარი ხალხი სულ ცოტა ხუთი წელია დასცინის და ეს ძალიან ცუდია- პრეზიდენტის ფუნქციაში არ შედის იყოს საყოველთაო მასხარა. როდესაც ასეთ ჰიბრიდულ ფეოდალურ ქვეყანაში პრეზიდენტი მასხარაა, ავტომატურად მთელი მისი ქვემდგომი იერარქიაც მასხარა ხდება. და რადგან მათ იუმორის გრძნობის, ტალანტისა და განსაკუთრებით არტისტიზმის ნასახი არ გააჩნიათ , ბოროტ სისხლისმსმელ კლოუნებს ემსგავსებიან საბავშვო კოშმარიდან.

საქართველოში წინასაარჩევნო «შავი სექტემბერის» განმავლობაში ჩვენ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვხდებოდით მოწმეები თუ როგორ იხრჩობა საქართველო საკუთარ სიბნელეში, უკულტურობაში. ის პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც ბოლო წლებში ცდილობდნენ ეხლახანს ნასწავლი კომერციული ღიმილითა და კორექტულობით ესაუბრათ, დღეს თვალსა და ხელს შუა ისევ ჩვეულ პრიმიტიულ დისკურსს დაუბრუნდნენ - რომელსაც საფუძველი ეროვნული მოძრაობის რენესანსის პოერიოდში ჩაეყარა : როდესაც სამშობლოზე ბევრად  ქვემოთ მდგომ ჭეშმარიტებას ერთად ერთი არგუმენტი გააჩნდა - ღალატი! მოსკოვი! კრემლი! საქართველოს თავზე ფრიალებს თავისუფლების დროშა!.. თავისუფლების რომელიც არ იცი როგორ და რაში გამოიყენო, რადგან ამ თემაზე  არ გიფიქრია, რადგან თავისუფლება ჯერ კიდევ ბუნებაში ქროლვა  გგონია და არა ცოდნა, ღირსება...  კულტურა ...

მაგრამ მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. საქართველომ ნელ ნელა თითქოს გამოყო შეშინებული სველი ცხვირი თავსი ბნელი გამოქვაბულიდან, სადაც ათ წელიწადზე მეტი გაატარა. შეეცადა  გაეხსენებინა,რომ ადამიანია, რომ ჭეშმარიტებას შესაძლოა  პატრიოტიზმის გარდა ოდესღაც სხვა არგუმენტებიც გააჩნდა, რომ ადრე მან იცოდა ამის შესახებ.. და დაავიწყდა...  ვერაფრით გაიხსენა რა არგუმენტები იყო ესეთი.., რადგან პრინციპში,  მათი ბოლომდე არც     არასდროს ჯეროდა. 
 მან 90 იანი წლების გამოქვაბულში შობა და გამოზარდა ახალი თაობა, რომლის ყველაზე აგრესიულმა ნაწილმა თავისი პრიმიტიულიჭეშმარიტება შექმნა და ის ღრმა ბავშვობაში კალაშნიკოვის იავნანასავით ჩარჩენილ სიტყვა «მოღალატეზე» დააფუძნა. მოგვიანებით, დღიდან ძალაუფლების ხელში აღებისა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანების სტიგმატიზაცია მოეხდინა, მოღალატეებად და პატრიოტებად დაეყო ისინი. მხოლოდ მან ვერ შესძლო გაეკეთებინა ყველაზე მთავარი: დაღლილი, ქანცგაწყვეტილი ქართველისგან შეექმნა დამოუკიდებელი ადამიანები, პიროვნებები, რომელთა ერთობას საზოგადოება ქვია. რომელთა გარეშე მხოლოდ ქვიშის ქალაქების აშენებაა შესაძლებელი , და არა სუვერენული სახელმწიფოსი. რადგან ისეთი ტიპის სახელმწიფოს რომელზეც ჩვენ პრეტენზია გვაქვს თავისუფალი. ღირსების ფასის მცოდნე ადამიანები აშენებენ და არა სამშობლოსა და ღვთის უბადრუკი, დამოუკიდებელ აზროვნებას მოკლებული კანონმორჩილი «მონები».


სახელმწიფოს მშენებლობაში ადამიანის ღირსების მნიშვნელობაზე ფიქრი იმ ევროპაში, რომელის მოგონებასაც ბორბალივით თავიდან ვცდილობთ,   კერ კიდევ აღორძინების ეპოქაში დაიწყო. როდესაც პეტრარკამ, ტომას მურმა, მიშელ დე მონტენმა, ფრანსუა რაბლემ... ძველ ანტიკურ წიგნებს მტვერი გადაწმინდეს. ადამიანს ღვთის მიერ ბოძებული და ეკლესიის მიერ საუკუნეების მანძილზე პირწმინდად აწაპნილი კითხვის დასმის, პასუხის ძიების, თავისუფალი აზროვნებისა და შეაბამისად ღირსების, სუვერენულობის, შეგრძნება დაუბრუნეს. რენესანსის ჰუმანისტების როლი განუსაზღვრელია იმ ევროპული ცივილიზაციისა და პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში, რომელზე უკეთესი, როგორც ჩანს, ჩვენთვის ცნობილ სამყაროში ჯერ არავის შეუქმნია. 

აი ამონარიდი იტალიელი ფილოსოფოსის ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას (Giovanni Pico della Mirandola ) ცნობილი ესსედან « ადამიანის ღირსება» რომელიც მან ოცდაოთხი წლის ასაკში დაწერა, ეს ტექსტი მის «900 ფილოსოფიურ, თეოლოგიურ თეზაში» შედის. რომელიც 1488 წელს პაპმა ინოკენტი VII ერეტიკულად გამოაცხადა და აკრძალა, და რომელიც  ბლეზ პასკალმა თავისი კრიტიკით გააცოცხლა.

ეს ტექსტი ფაქტიურად თანამედროვე «ადამიანის უფლებების» შორეულ «წინაპრად» შეგვიძლია განვიხილოთ, პიკო დელა მირანდოლა ამ ტექსტში, სამყაროს შექმნას, ბიბლიურ გენეზისს ქრისტიანული დოგმების იგნორირებით, ანტიკური მითოლოგიის 
ენით გადმოგვცემს.




პოკოს მიხედვით ღმერთმა ადამიანის შექმნა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავისივე კრეაციის, სამყაროს აბსოლუტური სრულყოფილების, მრავალფეროვნებითა და მშვენიერებით ტკბობის შესაძლებლობა ჰქონოდა ვინმეს ... ანუ ერთგვარ თანამომაწილე პუბლიკად. მხოლოდ,  ბერძნული მითოლოგიური დრამატურგიის პრინციპების თანახმად, სადაც დასაშვებია, რომ  ღმერთს პრობლემა შეექმნას,  ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რაც გააჩნდა სხვა არსებების შესაქმნელად უკვე  გამოიყენა და ადამიანის სრულყოფისათვის აღარაფერი დარჩა, ამიტომ გადაწყვიტა ადამიანში ჩაედო მის მიერვე შექმნილი ყოველი ქმნილების თესლი და ადამიანისათვის თავად მიენდო არჩევანი გამხდარიყო  საკუთარი თავის კრეატორი, ოსტატი.

(ამონარიდი ესსედან) ... "და მან ესეთი სიტყვებით მიმართა : « ადამ, თუ მე არ მოგიჩინე შენი ზუსტად განსაზღვრული ადგილი, საკუთარი როლი, ან რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, ეს იმიტომ, რომ ადგილი და როლი, რომელსაც თავად ისურვებდი, შენშია და შეგიძლია შენივე სურვილის, შენი მოსაზრების მიხედვით თავადვე განკარგო. სხვა ქმნილებებისათვის მათი ბუნება შეზღუდულია ჩემს მიერ დადგენილი კანონით: შენ არავითარი აკრძალვა, ლიმიტი არ გბორკავს. შენ საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლება განდე, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს საკუთარი ბუნება თავად დაადგინო. მე შენ იმიტომ მოგიყვანე ამ ქვეყნად და დაგაკისრე შუამავლის როლი(ქვეარსებებსა და ღმერთს შორის-პ.ქ.), რომ შენ თვითონ, საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოიკვლიო ყველაფერი რაც შენს გარშემოა. თუ კი მე შენგან არ შევქმენი არც ციური , არც მიწიერი, არც მოკვდავი და არც უკვდავი არსება , ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ თავად გაგაჩნდეს ბოლო სიტყვის, გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, იმ ფორმის გამოძერწვა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება და აირჩევ. შენ თავად შეგიძლია შენივე გადაწყვეტილების საფუძველზე გაიხრწნა, დაეცე პირუტყვამდე, ქვეარსებამდე»...

პიკო ასევე წერს:

«...პირუტყვს დაბადებისას « დედის მუცლიდანვე» (როგორც ლუცილიუსი ამბობს) თან დაჰყვება ყველაფერი, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე მასთან იქნება. ზეციური ძალები მისი დაბადებისთანავე წყვეტენ თუ ვინ და როგორი უნდა დარჩეს ის სამარადისოდ.
მათგან განსხვავებით უფალი ადამიანის დაბადებისას მასში დებს  თესლს მის მიერ შექმნილი ყოველი  ცოცხალი არსებისა. და ის თესლი რომელსაც ადამიანი აირჩევს, მოუვლის და გამოზრდის, განვითარდება და განაყოფიერდება მასში. ინერტულობა ადმიანებს მცენარედ აქცევს, მგრძნობიარობა ცხოველად, რაციონალობა ზეცამდე აიყვანს. სიბრძნე კი მას ძედ ღვთისად აამაღლებს,»

«სიბრძნე» სწორედ ის მარცვალია, რომელიც ვირტუალურად ადამიანად დაბადებულს რეალურ ადამიანად აქცევს, და რომლის კულტივაციის წყალობითაც ევროპამ ის პოლიტიკური, კულტურული თუ ეკონომიური სახე მიიღო როგორიც დღეს აქვს. სიბრძნე ადამიანური ღირსებაა . ცოდნა კი ღირსების მარცვალის განაყოფიერებისათვის საჭირო ნიადაგი. ამ «სიბრძნეს» რენესანსის ჰუმანისტები კულტურას უწოდებდნენ.

ლიტერატურისა და ხელოვნების რენესანსის, აგრეთვე პედაგოგიური რევოლუციის წყალობით, რომელსაც ჰუმანისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ევროპამ მოახერხა ბესტიალური მდგომარეობიდან გამოსასვლელი კარების გამოღება, რომლის იქითაც ადამიანად ტრანსფორმირებისათვის განკუთვნილი საციცოცხლო სპეციფიური გარემო - კულტურაა. აქედან დაიწყო  ბესტიალური გარემოდან კულტურულში ევროპელთა გრძელი და სისხლიანი გადაბარგების პროცესი.
სწორედ კულტურაა რაც პირუტყვს ადამიანად აქცევს და არა სხვის მიერ შექმნილი ეკონომიკა, უკეთესი ან უარესი სოციალური პირობები, კიდევ უფრო ნაკლებად რელიგიური დოგმები.

კულტურა თავისუფლებაა. თავისუფლება კი ღირსება- ადამიანის ყველაზე მთავარი სგანძური, რომელზეც საქართველოში რაც შეიძება ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, გავიმეოროთ, თუნდაც დღეში ხუთჯერ ათჯერ, ასჯერ...
განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ცხადია, პირუტყვული მდგომარეობიდან თავის დაღწევის, ბუნებრივი გარემოდან კულტურულ გარემოში გადანაცვლების , თავისუფლების მოპოვების ყველაზე ეფექტური და აბსოლუტურად აუცილებელი საშუალებაა. მაგრამ არა საკმარისი,  რა თქმა უნდა შეუძლებელია იმის თქმა, რომ    რენესანსმა, პედაგოგიურმა რევოლუციამ, უამრავმა რეფორმამ სამყარო, მიმტევებლობისა და გულმოწყალების გაგებით უცებ, ხელაღებით  უფრო ჰუმანური გახადა. სწორედ რეფორმებით სავსე მეთექვსმეტე საუკუნეში, საფრანგეთმა ოცდაათწლიანი რელიგიური ომი გადაიტანა, მათ შორის უსასტიკესი წმინდა ბართოლომეს ღამე 1572 წელს, რომელმაც ჰუმანისტთა ლამაზი ოცნებები დაუნდობლად დაამსხვრია. თუმცა არა საბოლოოდ.


მიუხედავა იმისა რომ  წმინდა  ბართოლომეს ღამის შემდეგ კაცობრიობამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა, ჰუმანიზმსა და დენთით აყროლებულ იდიოტიზმს შორის ომი დღემდე გრძელდება. ბესტიალური და კულტურული საციცოცხლო ფაზები დღესაც ისევე ცვლიან ერთმანეთს როგორც ასი, ორასი ან მეტი წლის წინ. განსაკუთრებით ცივილიზაციებს შორის  ისეთ "გარდამავალ-გარდმომავალ" ქვეყნებში როგორიც საქართველოა.

კოლექტიური კულტურული კონტექსტი არ არის მშვიდობის გარანტია, თუ ის თავისთავში პოლიტიკურ კულტურას,  განსაკუთრებით ძალაუფლების მქონეთა პიროვნულ კულტურასა და ნებას არ მოიცავს. ყველა ქვეყანაში ესეა. საქართველოშიც, რომელსაც,  კაცმა რომ თქვას, პირველი ევროპული ტიპის ჰუმანისტი მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გამოუჩნდა – და ისიც მეოცეს დასწყისში მოკლეს. საბედნიეროდ მაინც მოახერხა რამდენიმე მარცვალის დათესვა "ახალ" ქართველში , მხოლოდ მისი სწორად განაყოფიერებისათვის და კულტვაციისთვის ხელის შეწყობა ვერ მოასწრო.

ილია, ისევე როგორც რვა საუკუნით ადრე შოთა,  საქართველოს ჰუმანიზაციის ისტორიაში სამწუხაროდ უნიკალურ მოვლენად დარჩა., ამ სიტყვის პირდაპირი ლექსიკონური გაგებით: ვერც შოთამ შესძლო ქართული კულტურულ-რეფორმატორული რენესანსისთვის მიეცა ბიძგი, ვერც ილიამ. რა თქმა უნდა მათგან დამოუკიდებელი უამრავი გასაგები და ობიექტური მიზეზების გამო.

მხოლოდ ჩვენ ეს მიზეზები არ გამოგვიკვლევია,  ისინი ერთ ჰეროიკულ ეპოსში გავაერთიანეთ და ძეგლებად, ხელშეუხებელ წმინდანებად, დოგმებად, ვაქციეთ. ჩენ ცეხლს მივეცით  ჩვენივე ბესტიალური და ადამიანური ფაზების მონაცვლეობის, ჩვენი ავადმყოფობის ისტორია, გამოცდილება. ყოველ ჯერზე, როდესაც პირუტყვულიდან  კულტურულ ფაზაში გადასვლის პირველი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ, საგულდაგულოდ ვშლით ყველაფერს რაც უკან გვრჩება ან- როცა ამისი დრო არ გვაქვს  მარტივად – ვაყალბებთ, რისი წყალობითაც, ჩვენ ქართველებს გვყავს სხვის მიერ მოკლული ასი ათასი მოწამე , ჩვენი ბართოლომეს ღამე არა გვაქვს...   ესეთი ღამე კი ყველა ერის მახსოვრობას "სჭირდება" იმისთვის რომ დრო და დრო მოინანიოს, ყოველი ცისმარე დღე დააფასოს,  მოყვასის გაფრთხილების კულტურა ჩამოუყალიბდეს... თორემ მტრის სიძულვილის ბესტიალურ ინსტიქტს არავითარი კულტივაცია არ სჭირდება, ამ გრძნობით ისედაც დაგვაჯილდოვა ბუნებამ ცხოველებთან ერთად.   სწორედ ამიტომ,  ჩვენ ყოველ ჯერზე ახალ «ბართოლომეს ღამეს» ვაწყობთ... და დილით, როგორც კი ინათებს...მაშინვე ვაყალბებთ მას...რადგან ქართველების საერო აზროვნებაში სულ უფრო და უფრო ხშირად იღვიძებს ბესტიალური, დოგმატური გაშეშებული მდგომარეობა, კითხვის ნიშნის, ზრდსრულობის, ლოგიკის, დამოუკიდებლობის, საკუთარი ღირსების შეგრძნების მიმართ გაუცხოვება,  შიში, ქსენოფობიის განსაკუთრებულად პერვერსული სახე, რომელსაც პირობითად "ავტოფობიას" დავარქმევდი.  

ეს ავტოფობია  გართულების სიმტვავის მიხედვით, ილიას დათესილ მარცვალზე ამოყრილ სანახევროდ გამხმარ ნერგს ხან აძლევს რამდენიმე ყლორტის გამოსხმის საშუალებას ხან კი გახმობის პირას მიჰყავს. სწორედ ეს უკანასკნელია  დეჰუმანიზაცის ყველაზე კრიტიკული ფაზები. 

დღეს  საქართველო თავისი უახლესი ისტორიის ერთ ერთ, თუ არა ყველაზე ბესტიალურ ფაზაში იმყოფება. და პასუხისმგებლობა რა თქა უნდ ეკისრება პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას, რომლებიც, ჩვეულებრისამებრ ამ პასუხისმგებლობას  ყველანაირი ხერხითა და ოინბაზობით ცდილობენ  აარიდონ თავი, და არც გაემტყუნებათ, რადგან მათ არ გაჩნიათ კოლექტიური პასუხისმგებლობის კულტურა, საქართველოში მხოლოდ ცალკეული პიროვნებები, პერსონაჟები, ოპორტუნისტები და ათასგვარი «კლოუნები» წარმოადგენენ ორივე ხსენებულ ელიტას, სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა არ არსებობს. მათ ვისაც საქართველოში ინტელექტუალებს უწოდებენ , იშვიათი გამონაკლისების გარდა- მიშელ დე   მონტენი «კარგად გავსებულ თავებს» უწოდებდა.
აი, როგორ ახასიათებდა თავის თანამედროვე ყველაზე მაღალი იერარქიის პოლიტიკოსებს მე19 საუკუნის ბოლოს ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ჟორჟ კლემანსო;

« რაიმონ პუანკარემ იცის ყველაფერი, მაგრამ ვერაფერში ვერ ერკვევა. არისტიდ ბრიანმა კი აბსოლუტურად არაფერი არ იცის მაგრამ ყველაფერში მშვენივრად ერკვევა»
მას მხედველობაში მიშელ დე მონტენის ცნობილი დევიზი ჰქონდა : «  უმჯობესია კარგად მოწყობილი თავი , ვიდრე  სავსე თავი!» 
Mieux vaut une tête bien faite qu'une tête bien pleine)
ეს ციტატა  ფრანგული საგანმანათლებლო კონცეფციის ამოსავალ წერტილად ითვლება დღესაც და ის ყველა ლიცეელმა იცის.

თავად სიტყვა განათლებულს (  éduqué) ფრანგულ ენაში არა აქვს ადამიანის განვითარების ხარისხის განმსაზღვრელი ისეთი დატვირთვა როგორიც ქართულში, ან რუსულში. ფრანგები ამისათვის კულტივირებულს ხმარობენ, რაც უფრო შორეულ რენესნსის ეპოქაში მირანდოლას მიერ აღწერილ ადამიანში ჩადებული სხვადსხვა თესლის კულტივირებასთანაც ასოცირდება, ვიდრე წაკითხული წიგნების რაოდენობასთან, რომელსაც რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მაინც მხოლოდ ერთ ერთი შემადგენელი დეტალია კულტივირებული ადამიანისა.
პრინციპში ადრე, 70 იან წლებამდე ადამიანის დასახასიათებლად ჩვენშიც გამოიყენებოდა სიტყვა კულტურული, რაც ფაქტიურად იგივეს ნიშნავდა რაც ფრანგულში კულტივირებული, მხოლოდ მერე ეს სიტყვა სულ სხვა მნიშვნელობის «ინტელიგენტმა» ჩაანაცვლა, კიდევ უფრო მოგვიანებით, სულ ეხლა ხანს კი ინტელექტუალმა.

თუმცა სიტყვა განათლებულს თავისი აქტუალობა არც ერთ ეტაპზე არ დაუკარგავს, თვით ქართველ ინტელექტუალებშიც კი, «განათლებას» გადაჭარბებულ მნიშვნელობა ენიჭება, რაც ხშირად გულუბრყვილო იმედგაცრუებას ბადებს :  არ გვესმის, როგორ შეიძლება განათლებულმა ადამიანმა სისაძაგლე ჩაიდინოს, ან სისულელე თქვას, უფრო მეტიც, რეგულარულად ჩადენილი შეცდომებით არა მარტო საკუთარ თავს, ახლობლებს, ქვეყანას ავნოს. შესაძლოა ეს იმის მანიშნებელი იყოს, რომ ინტელექტუალებისათვის დღევანდელ არც თუ მწიგნობარ საქართველოში განათლება, ცოდნა გარკვეული ელიტარული სტატუსის მატარებელია და მას უფრთხილდებიან,  უფრო საკუთარი უნიკალობის ხაზგასასმელად იყენებენ....

საქართველოში  არ იქმნება ტენდენციები, მიმდინარეობები, სკოლები. რადგან ცოდნის მატარებელ ინტელექტუალებს გაუნათლებელი ადამიანების ეშინიათ, ისინი გვანან ქირურგებს, რომლებსაც სისხლის დანახვაზე გული მისდით. პილოტებს რომლებსაც სიმაღლის შიში აქვთ ან უბრალოდ კლაუსტროფობ მეაფლავეებს...
მათ სავსე თავებს ხშირად სიცოცხლესთან არაფერი აქვთ საერთო. ამიტომ ისინი ვერ მონაწილეობენ სიცოცხლეში. ეს პრინციპში მესამე მსოფლიოსათვის დამახასიათებელი ფენომენია: ინტელაქტის ერთგვარი პრივატიზირება, და ამ ფენომენის არსებობა საქართველოში არც არის ძალიან გასაკვირი. ეს უფრო იმის მიმანიშნებელია, რომ ქართველი ინტელექტუალების დიდ უმრავლესობას უფრო - ასე თუ ისე სავსე თავი აქვთ, ვიდრე მონტენისეული «კარგი თავი», და ეს კარგად ჩანს მათი მოსაწყენი ნაწერების კითხვისას-რომლებიც ხშირად, ფაქტიურად მათი ცოდნის ერთგვარ «რევიუს» თუ ინტელექტუალური დეიჯესტს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე მათივე ორიგინალური ნააზრევს. თუმცა ხალხს ეს ძალიან მოსწონს, და მათ მოკრძალებული ჩურჩულით საოცარ სიტყვას: «უკიდეგანოდ განათლებულებსაც» კი უწოდებს... როგორც ძველ საბჭოთა რეტრო ფილმებში... გლობუსით მოსეირნე სამხედრო გლიფე შარვლში კოპწიად გამოწყობილ სოფლის გეოგრაფიის მასწავლებელს.

ქართველ ინტელექტუალთა კლასი, დღეს ისეთივე ჰიბრიდულ მდგოარეობაშია, როგორშიც ქართული დემოკრატია, ისინი გამუდმებით ანგაჟერებისა და დეზანგაჟირების პროცესში არიან, ცდილობენ კლასად ჩამოყალიბდნენ, თუმცა უჭირთ, რადგან მათ მარტო ინტელექტუალის როლი არ აკმაყოფილებთ, ეცოტავებათ და «ბარემ» არტისტის როლიც სურთ შეითავსონ, ამისთვის კი არტისტულობა, კრეატიულობაც, მოქნილობა, ბოლოს და ბოლოს სტილი აკლიათ ... რაღაც არც ისე «სექსი» ხალხია... თანაც ვერაფრით ჩამოყალიბდნენ თვითონვე საკუთარ როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში, უფრო მეტიც, ხშირად იმ მეხანძრეებს ემსგავსებიან, რომელიც აალებული სახლის ფონზე კოლექტიურ სამახსოვრო ფოტოს იღებენ.
ქართველი ინტელექტუალები აბსოლუტურად ვერ ახდენენ გავლენას ვერანაირ პროცესებზე და ამას ხელისუფლებას, ოპოზიციას, ვულგარულ და გაუნათლებელ საზოგადოებას აბრალებენ... საზოგადოებას, რომლის კულტივაციაზე თავად უნდა ეზრუნათ და რომელიც...სამწუხაროდ მართლაც გაუნათლებელია... თან აშკარად!.


ხელისუფლებას ლომის წილი აქვს საზოგადოების დეჰუმანიზაცია-ჰიმანიზაციის ფაზების ცვლის პროცესში, , რომელიც წესით ინტელექტუქლებს უნდა უკუთნოდეთ და სწორედ ამ წილის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს ... მაგრამ აბა სად გინახავთ მტაცებელთა მეფე თავის წილს უბრძოლველად თმობდეს? ჩვენს შემთხვევაში ლომი სახელმწიფოს მეთაურია, ის ქვეყნის ინტელექტუალური კლასის კრებით სახელს წარმოადგენს. ქვეყნის კულტურულ კონტექსტზე არავინ ისე არ ახდენს გავლენას, როგორც საქართველოს «მთავარი ინტელექტუალი» მიხეილ სააკაშვილი. და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს გავლენის დადებით თუ უარყოფით მხარეს, მთავარია რომ მ გავლენის ფენომენი ბევრად უფრო კურიოზულია ვიდრე უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებში მოუშავე ინტელექტუალებისა – ისინი უბრალო ენით რომ ვთვათ საინტერესონი არ არიან... შეგვიძლია მათი კლასიფიცირება მოვახდინოთ როგორც სტატისტიკური ინტელექტუალებისა, და უსარგებლო დეპუტატების მსგავსად დავივიწყოთ.
როდესაც ვსაუბრობთ კოლექტიურ კულტურულ კონტექსტზე, უნდა ვისაუბროთ ზოგადად მთელი საქართველოს და არა თბილისური პატარა გროტესკული ინტელექტუალური დაჯგუფებების შესახებ.
საბჭოთა საქართველოს ბოლო ოცი – ოცდაათი წელიწადი შეიძლება ერთგვარ მცირე წითელ რენესანსადაც ჩაითვალოს, პირველ რიგში სწორედ ხელოვნების სხვადასხვა დარგში გარკვეული ტენდენციებისა და სკოლების წარმინაქმნებითა და ადამიანების ბევრად უფრო მასიური კულტივაციით ვიდრე ოდესმე. უნდა ითქვას რომ თვით 90 იანი წლების მშიერი ანდერგრაუნდიც საბჭოთა ფესვებზე აღმოცენდა. 2000 იდან კი დიდი კულტურული გამყინვარება დაიწყო. რომელიც დღემდე გრძელდება. სრული კულტურული ნულოვანი გრადუსის დიდხანს დაჭერა კი შეუძლებელია. ახალგაზრდა ვარდისფერ ხელისუფლებას არც ცოდნა, ნიჭი, არც პირველ რიგში გაბედულება არ ეყო, იმისათვის რიმ ახალი კონტექსტი, ახალი სასიცოცხლო სივრცე შეექმნა ახალი კულტურისათვს. ამიტომ სავარაუდოდ ის თავისით შეიქმნება კონტრკულტურის სახით და სწორედ ვარდისფერების წინააღმდეგ იქნება მიმართული.


ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებიდან ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ კულტურისათვის თავისუფალი სივრცის არშექმნა იყო. მცირე კოსმეტიკური პრანჭვის შემდეგ, მან ისევ ძველი გამზადებული და ნაცადი იარაღი – მტვრიანი პროპაგანდა ამოაძვრინა ძველი საბჭოთა სკივრიდან და ის თითქოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორად აქცია, რომელიც უბილეთო მგზავრს აჯარიმებს და ავტობუსიდან შეუბრალებლად აგდებს ცივ ქუჩაში. პროპაგანდამ ადამიანები «ჩვენიანებად» და «მტრებად» დაახარისხა და თავად იქცა კულტურის არაკულტივირებულ «მესაჭედ».
ისევე, როგორც ნებისმიერ მართულ «თავისუფალ» გარემოში, ჩვენ მივიღეთ პროპაგანდის ხარისხის ადეკვატური საზოგადოება. რომელიც ზუსტად იმ ენას იმსახურებს, როგორითაც მას ელაპარაკებიან... ამაში პრიონციპულად ახალი არაფერია. თუ ისტორიას გადავხედავთ, გაკონტროლებულ საზოგადოებებზე მსჯელობა ყოველთვის შეიძლება იმ დისკურსით რომლითაც მას თავისი უმაღლესი» კონტროლიორი» - ორატორი მიმართავს. სტალინი, ჰიტლერი, კასტრო, ზვიად გამსახურდია, შევარდნაძე, სააკშვილი...
როგორც ცნობილია  ხალხი მართვადი დაისევე შეუძლია იყოს კეთილი, როგორც  დაუნდობელია, მას დღესაც ისევე, როგორც რენესანსის პიკში თავისუფლად შეუძლია მოაწყოს «ბართოლომეს ღამე» . სწორედ ამიტომ მთავარი ისტორიული პასუხისმგებლობა მათ მმართველ ლიდერებს, ორატორებს, «კულტურის კონტროლიორებს» ეკისრებათ, და არავითარ შემთხვევაში სხვას, თუნდაც უარეს პოლიტიკურ ოპოზიციას. ნებისმიერი ოპოზიციური ძალა. აზრი, რიტორიკა თავისი ორატორებით მოცემულ მომენტში მოქმედებს როგორც მას შეთავაზებული კულტურული გარემო აიძულებს, და უმეტეს შემთხვევაში აჭარბებს კიდეც კონტექსტის კრეატორს. კონტრ რევოლუცია ყოველთვის , უარესი თუ არა - ისეთივე სასტიკია, როგორც რევოლუცია, შესაბამისად ოპოზიციონერი ზუსტად ისეთია როგორსაც ხელისუფლება იმსახურებს. რა თქმა უნდა ისეთი იშვიათი გამონაკლისების გარდა, როგორიც მაჰათმა განდი, ან ბევრად უფრო ადრე ყველაზე ემბლემატური ოპოზიციონერი – იესო იყო.

ჩვენ ქართველებს მაჰათმა განდი არ გვყავს, მით უმეტეს, არც იესო...
სამაგიეროდ ყოველთვის გვყავს ერთი კეისარი და მისი უამრავი ჩინოვნიკები, აგრეთვე კონფორმისტი წვერებიანი ქურუმები, რომლებიც, იესოს- რომც გვყოლოდა, ბევრად უფრო ადრე, ჯერ კიდევ მაშინ მიაჭედებდნენ ჯვარზე, თავისი მოციქულებიანად, სანამ ვირზე შემჯდარი პალმის რტოებით იერუსალიმში გამოჩნდებოდა... თანაც ყოველგავრი ზარზეიმის, ზედმეტი ხმაურის , ტელევიზიისა და პრესის გარეშე, ისე სწრაფად და ეფექტურად, რომ დღეს ამ ისტორიის დამადასტურებელლად არაფერი არ გვექნებოდა ლონდონის ნაციონალური მუზეუმის ახლო აღმოსავლეთის დარბაზის ერთ ერთ ვიტრინაში გამოფენილი ოფიციალური მოკლე და ცივი ვერსიის გარდა, და იმასაც ყველზე კირკიტა ტურისტებიც კი არ მიაქცევდნენ ყურადღებას.


საქართველოში ისევე როგორც რუსეთში, 90 იანი წლების ანარქია 2003 წელს ვარდების რევოლუციამ დაამთავრა, ისევე როგორც პუტინის რუსეთში, დამყარდა მკაცრი წესრიგი. ქართულ საერო ცხოვრებაში სულ მალე ჭეშმარიტების ერთადერთი და აბსოლუტურიპოლუსი დარჩა თავისი მედროშით – პრეზიდენტი სააკაშვილით, რომელიც თავად გახდა ჭეშმარიტება. ბოლო წლებში გავლილი ჰუმანიზაციის, კულტივიზაციის ყველა ფაზა, უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში დამთავრდა: ბართოლომეს ღამე რენესანსზე ადრე შედგა, ჩვენმა პოლიტიკურმა «გერასიმემ» ქართველი ახალბედა ჰუმანისტების ოცნებები ტურგენევის მუმუსავით უკვე მერამდემეთ ჩაახრჩო გუბეში საკუთარი ხელით.
რა თქმა უნდა პიროვნების როლს შეეძლო ძალიან სწრაფად და ეფექტურად შეეცვალა ყველაფერი, მაგრამ ესეთი პიროვნებები, როგორც წესი ჰუმანიზაცია-დეჰუმანიზაციის ფაზებს მიღმა დგანან. ისინი დიდი პიროვნებები, დიდი პოლიტიკური მოღვაწეები არიან, რომელთა რიგს სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი არ მიეკუთნება. მან საქართველოში ააღორძინა დოგმატური აზროვნების კონცეფცია : ლიდერი ყოველთვის მართალია! ანუ ყველაფერს რაც ჰუმანიზმის შემოქმედი პეტრარკადან ვარდების რევოლუციამდე მოხდა ხაზი გადაუსვა... ამდენად მის მიერ შექმნილ საზოგადოებაში ერთად ერთი ვინც შეძლო გაძლიერება გახდა ეკლესია, რომელიც ასევე დოგმატურ პრინციპებს ეყრდნობა, კითხვებს არ სვამს, და რომლის «ლიდერი» რა თქმა უნდა მით უმეტეს და  ყოველთვის მართალია, სწორედ ამან გამოიწვია საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის არნახული გაძლიერება... განა რა შეუძება ვუწოდოთ ყოველივე ამას, თუ არა საზოგადოების სრული დეჰუმანიზაცია, რაც გაცილებით უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე ტერიტორიები?


მართლაც. ხანდახან ასე გონია, რა დროს ოსეთი და აფხაზეთია, როდესაც  საქართველო ყველაზე მთავარს თავს. გონებას, ღირსებას კარგავს დღითიდღე, ცოტა ხანში საერთოდ აღარაფერი ემახსოვრება, არც ის რომ -»ოდეს დიდი ყოფილა საქართველო»!, არც ოკუპაცია, არც 8 აგვისტოს დაკარგული ტერიტორიები... მალე იმასაც ვერ გაიხსენებს, რომ ადამანია...და დადგება საყოველთაო სიბრიყვის ნირვანა, სადაც არც სამშობლოა,არც მტერი. არც მოყვარე...საერთოდ არაფერი... სიცარიელე და რამდენიმე გაციებული ხინკალი.
 
P.K.
1 Octobre 2012 - 20H
Paris